შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია

15 ოქტომბერს, მთაწმინდის პარკში,  საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით მიმდინარე, თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენისა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან შეთახმებით, პროექტს ახორციელებს „ფონდი განვითარება და გარემო.“

თბილისის ურბანული ტყის კვლევითი ნაწილის პრეზენტაციას ესწრებოდნენ ქ. თბილისის მერი – კახი კალაძე, საერთაშორისო საქვემოქმედო ფონდი ქართუს ხელმძღვანელი – ნიკა ჩხეტიანი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი, ქ. თბილისის მერის მოადგილე – მაია ბითაძე. 

პრეზენტაციაზე პროექტში ჩართულმა მკვლევარებმა წარმოადგინეს თბილისის ურბანული ტყის დარგობრივი კვლევითი ანგარიში, კვლევის შედეგად მიღებული შედეგები და აღნიშნული ტერიტორიის შემდგომი განვითარების ხედვები. 

ორგანიზაცია „გეოგრაფიკის“ – დირექტორმა და გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორმა –  გიორგი გოცირიძემ ისაუბრა საკვლევ ტერიტორიაზე განხორციელებული გეოლოგიური, ქალაქგეგმარებითი, არქიტექტურული, სატრანსპორტო, საკადასტრო, კულტურული მემკვიდრობის კვლევების შესახებ. 

ფიტოსანიტარული კვლევის შესახებ ისაუბრა ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა – ირინა დანელიამ. ბოტანიკური კვლევა წარმოადგინა  ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა – ნიკოლოზ ლაჩაშვილმა. ზოოლოგიური კვლევის შესახებ დამსწრეებს ინფორმაცია მიაწოდა ეკოლოგიის მაგისტრმა – ნიკო ქერდიყოშვილმა. ლანდაშაფტური და გარემოს დაცვითი კვლევა წარადგინა გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორმა – გია სოფაძემ. ტერიტორიის ეკონომიკური და ტურისტული შესაძლებლობების შესახებ კი ისაუბრა ეკონომიკისა და დეველოპმენტის კონსულტანტმა – ეთუნა მუნჯიშვილმა. 

პრეზენტაციაზე მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ მთაწმინდის ფერდობი, რომელიც წარმოადგენს თბილისის მთავარ რეკრეაციულ ღერძს და იერსახეს, მიუხედავად მისი ტერიტორიის სიმცირისა, გამოირჩევა ბიომრავალფეროვნების მაღალი მაჩვენებლით. გვხვდება იშვიათი სახეობები, რომლებიც წითელ ნუსხაშია შეტანილი. 

ღონისძიების ბოლოს გაიმართა გამწვანების აქცია. ქ. თბილისის მერმა და მოწვეულმა სტუმრებმა მთაწმინდის ფერდზე ხეები დარგეს.

პრეზენტაციაზე ყურადღება გამახვილდა კვლევის ფარგლებში სხვადასხვა დარგების მიერ გამოვლენილ მკაცრად ხელშეუხებელ ტერიტორიებსა და ასევე ისეთ ადგილებზე, სადაც შესაძლებელია გარკვეული სამუშაოების ჩატარება შესაბამისი რეგულირებით.

თბილისის ურბანული ტყის პროექტის მთავარი მიზანია მისი ლანდშაფტის აღდგენა- რეაბილიტაცია, არსებული ფერდის ლანშაფტის ოთხ სეზონად გადაქცევა, რაც გულისხმობს მარადმწვანე და ფოთლოვანი ხეების, ასევე ბუჩქოვანი და ბალახოვანი საფარის განაშენიანება-რეაბილიტაციას.

პროექტში ასევე გათვალისწინებულია მოეწყოს  საფეხმავლო ბილიკები როგორც ტურისტული, ასევე სპორტული, ექსტრემალური სპორტის მოყვარულთათვის გათვალისწინებულ იქნება გზები სამთო ველოსიპედების და სხვადასხვა დამატებითი სპორტული აქტივობებისთვის. მოეწყობა მოსასვენებელი სკამები, საპიკნიკე ადგილები, სანაგვე ურნები, გარე განათების სისტემები.

შეგახსენებთ, რომ საკვლევი არეალი მდებარეობს ქ. თბილისის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში და  ფარავს დაახლოებით 700 ჰა ტერიტორიას, რომელიც მოიცავს კუს ტბისა და მთაწმინდის პარკის მიმდებარე სივრცეებს, სამხრეთით კი ემიჯნება ოქროყანის დასახლებას. ის მოიცავს იმ ტერიტორიებს, სადაც არ შედის კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ და ფიზიკურ პირთა მფლობელობაში არსებული ნაკვეთები და მოიცავს მხოლოდ ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულისა და სახელმწიფო საკუთრების მიწებს. 

პროექტის ფარგლებში კვლევები ჩატარდა შემდეგი მიმართულებით – მწვანე ნარგავების ფიზიკური მდგომარეობის შეფასება/ენტომოლოგია, ბოტანიკა, ზოოლოგია, ლანდშაფტმცოდნეობა, გეოლოგია, გარემოს დაცვა, ბილიკების დაგეგმარება, ტურიზმი, მიწათსაკუთრება, ქალაქგეგმარება, ტრანსპორტი, არქიტექტურა, კულტურული მემკვიდრეობა, ეკონომიკა.