დარგობრივი შეხვედრა

თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ფონდმა „განვითარება და გარემო“ გამართა პროექტის „თბილისის ურბანული ტყე“ განხილვა – სამუშაო შეხვედრა. შეხვედრაზე სხვადასხვა დარგის ექსპერტებმა ერთმანეთს და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს წარუდგინეს თბილისის უბრანული ტყის აღდგენისა და განვითარების საკუთარი ხედვა, საკვლევი ტერიტორიის შემაჯამებელი SWOT ანალიზი დარგების მიხედვით, ისაუბრეს ტერიტორიის შესაძლებლობებსა და საფრთხეებზე. ერთობლივი განხილვის შედეგად, დარგების მიხედვით გამოიყო მკაცრად რეგულირებადი – ხელშეუხებელი ტერიტორიები და ასევე ისეთი ადგილები, სადაც შესაძლებელია გარკვეული სამუშაოების ჩატარება შესაბამისი რეგულირებით. თითოეულმა დარგის სპეციალისტმა წარმოადგინა საკვლევ ტერიტორიაზე აკრძალული და ასევე დასაშვები ქმედებების ნუსხა.

შეხვედრის პირველი ნაწილი დაეთმო დარგობრივი ჯგუფების პრეზენტაციებს, მეორე ნაწილში კი გაიმართა დისკუსია ინტეგრირებულ საკითხებზე. შეხვედრის ბოლოს მოხდა დისკუსიის შეჯამება და შემდგომი ნაბიჯების გაცნობა.

პროექტის ფარგლებში კვლევები ჩატარდა შემდეგი მიმართულებით – მწვანე ნარგავების ფიზიკური მდგომარეობის შეფასება/ენტომოლოგია, ბოტანიკა, ზოოლოგია, ლანდშაფტმცოდნეობა, გეოლოგია, გარემოს დაცვა/ეკოლოგია, ბილიკების დაგეგმარება, ტურიზმი, მიწათსაკუთრება, ქალაქგეგმარება, ტრანსპორტი, არქიტექტურა, კულტურული მემკვიდრეობა, ეკონომიკა.

პროექტში ჩართული სპეციალისტები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები შეთანხმდნენ, რომ თბილისის ურბანული ტყის აღდგენა – განვითარება უნდა მოხდეს დარგების ინტეგრირებული ხედვითა და ანალიზით, გარემოზე მინიმალური ზემოქმედებითა და ჩარევით.

შეგახსენებთ, რომ პროექტი ითვალისწინებს ქალაქ თბილისში  ურბანული  ტყის ლანდშაფტის აღდგენა-რეაბილიტაციას. პროექტის მთავარი მიზანია მოხდეს მარადმწვანე და ფოთლოვანი ხეების, ასევე ბუჩქოვანი და ბალახოვანი საფარის შესაბამისი პროექტის მიხედვით განაშენიანება-რეაბილიტაცია.

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან შეთანხმებით და ფონდი ქართუს სრული დაფინანსებით ფონდი, განვითარება და გარემო ახორციელებს თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენას და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტს.