თბილისის ურბანული ტყის ნიადაგების კვლევა

თბილისის ურბანული ტყის დაგეგმარების ფარგლებში, საკვლევ ტერიტორიაზე (700 ჰა) ნიადაგების საველე ფონური კვლევა ჩატარდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე წინასწარ გამოიყო საკვლევი პოლიგონები, სადაც დაიგეგმა ნიადაგების პროფილების გაკეთება, მისი მორფოლოგიური შესწავლის მიზნით, ასევე განხორციელდა წერტილოვანი შერეული ნიმუშების აღება.

საველე კვლევის შედეგად (რთული რელიეფის პირობებში  8 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა) გაკეთდა ნიადაგის 5 პროფილი გამოყოფილი ჰორიზონტების მორფოლოგიური შესწავლის მიზნით. სულ საკვლევ ტერიტორიაზე, ლაბორატორიული კვლევებისთვის 40 წერტილიდან ნიადაგის 78 შერეული ნიმუში აიღეს.

გარდა ამისა, აქ გავრცელებული ნიადაგური საფარის ტერიტორია დაიყო სეგმენტებად: მძლავრი, საშუალო სისქის და სუსტი ნიადაგური საფარი.  ასევე, საველე კვლევის ფარგლებში, GPS კოორდინატებით მთელი საველე სამუშაო აიციფრა და შეიქმნა ციფრული ელექტრონული რუკა. შედეგად მივიღებთ საკვლევ ტერიტორიაზე გავრცელებული ნიადაგების მდგომარეობის ამსახველ სურათს, რაც თავის მხრივ დაგვეხმარება სწორად დავგეგმოთ მწვანე საფარის აღდგენა-გაშენების  სამუშაოები.  

საველე სამუშაოებში ჩართული იყვნენ თსუ და სტუ სტუდენტები და დოქტორანტები. კვლევებს ხელმძღვანელობდა თსუ პროფესორი ბესიკ კალანდაძე.