შეხვედრა კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან

29 სექტემბერს, ფონდმა „განვითარება და გარემო“, თბილისის ურბანული ტყის შექმნის პროექტის ფარგლებში, გამართა შეხვედრა ბიზნეს კომპანიებსა და საჯარო ორგანიზაციებთან, რომლებიც მთაწმინდის ფერდზე და მის მიმდებარედ საქმიანობენ. შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი – დავით ლორთქიფანიძე, ასევე თბილისის ბოტანიკური ბაღის,  მთაწმინდის პარკის, ვაკის პარკის, კუს ტბის, GTDF Project Company – ის, GMT Group – ის  წარმომადგენლები. 

პროექტის კონტრაქტორი ორგანიზაციის „გეოგრაფიკი“ დირექტორმა – გიორგი გოცირიძემ, დამსწრეებს გააცნო მთაწმინდის ფერდზე ჩატარებული დარგობრივი კვლევების საბოლოო ანგარიშები და თბილისის უბრანული ტყის აღდგენისა და განვითარების ხედვა, ისაუბრა საკვლევი ტერიტორიის შესაძლებლობებსა და საფრთხეებზე, მკაცრად რეგულირებად – ხელშეუხებელი ტერიტორიებსა და ასევე ისეთი ადგილებზე, სადაც შესაძლებელია გარკვეული სამუშაოების ჩატარება შესაბამისი რეგულირებით, წარმოადგინა საკვლევ ტერიტორიაზე აკრძალული და ასევე დასაშვები ქმედებების ნუსხა დარგების მიხედვით. შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ თბილისის ურბანული ტყის პროექტის აღდგენა-რეაბილიტაცია უნდა განხორციელდეს გარემოზე მინიმალური ზემოქმედებითა და ჩარევით.

შეხვედრაზე აგრეთვე განიხილეს, თუ როგორ შეუწყობს ხელს და რა დამატებით პერსპექტივებსა და სარგებელს გაუჩენს თბილისის ურბანული ტყის შექმნის პროექტი, მთაწმინდის ფერდზე და მის მიმდებარედ არსებულ ბიზნეს კომპანიებს და საჯარო ორგანიზაციებს. ისინი, როგორც დაინტერესებული მხარეები, მუდმივად იქნებიან ინფორმირებული პროექტის განხორციელების ეტაპების შესახებ. 

შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში, პროექტის ავტორებმა ამომწურავი პასუხები გასცეს დამსწრეების მიერ დასმულ შეკითხვებს. 

პროექტის ფარგლებში კვლევები მიმიდინარეობდა რამდენიმე მიმართულებით – მწვანე ნარგავების ფიზიკური მდგომარეობის შეფასება/ენტომოლოგია, ბოტანიკა, ზოოლოგია, ლანდშაფტმცოდნეობა, გეოლოგია, გარემოს დაცვა, ბილიკების დაგეგმარება, ტურიზმი, მიწათსაკუთრება, ქალაქგეგმარება, ტრანსპორტი, არქიტექტურა.

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან შეთანხმებით და ფონდი ქართუს სრული დაფინანსებით ფონდი „განვითარება და გარემო“ ახორციელებს თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენას და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტს.