ოქროყანა-წყნეთს შორის არსებულ ტერიტორიაზე ფაუნის კვლევის შუალედური ანგარიში

არსებული კვლევის მიზანი იყო ოქროყანა-წყნეთს შორის არსებულ საპროექტო ტერიტორიაზე სამომავლოდ ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და მდგრადი განვითარების მიზნით ფაუნის კვლევა; გადაშენებული სახეობების გამოვლენა და მათი აღდგენისთვის, ტერიტორიაზე არსებული, შესაბამისი ჰაბიტატების ვარგისიანობის შეფასება – შემდგომში ამავე ტერიტორიაზე დაგეგმილი მოქმედებების განსასაზღვრად.
კონკრეტულად ეს ტერიტორია ზოოლოგიური კუთხით დეტალურად არ ყოფილა შესწავლილი. ჩვენ მოვიძიეთ სამეცნიერო ლიტერატურა, რომელიც მოიცავდა თბილისის შემოგარენის ზოოლოგიურ კვლევებს, ეს ლიტერატურა ძირითადად გასული საუკუნის ნაშრომებს წარმოადგენს, ერთ-ერთი ასეთია ზოოლოგიის პროფესორ არჩილ ჯანაშვილის მიერ საკუთარი და სხვა წამყვანი ზოოლოგების კვლევებზე დაყრდნობით მომზადებული ნაშრომი “თბილისის მიდამოების ფაუნა“ ა. ჯანაშვილი , 1957 წ.“. ასევე ამ ტერიტორიებთან კავშირშია ზოოლოგიის მეცნიერებათა დოქტორ ალექსანდრე ბუხნიკაშვილის ნაშრომი „მასალები საქართველოს წვრილ ძუძუმწოვართა კადასტრისათვის“ და ზოოლოგ მ.კუტუბიძის ,,საქართველოს ფრინველების სარკვევი. 1985’’, ლიტერატური სრული ჩამონათვალი იხ. ,,გამოყენებული ლიტერატურა’’ (სტატიის ბოლოს მოცემულს ფაილში)
გასული საუკუნის კვლევებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაშინდელი თბილისის ფაუნა საკმაოდ მრავალფეროვანი იყო.
აქედან გამომდინარე, ჩვენი ამოცანა იყო ფაუნის აღრიცხვა , რიცხობრივი შეფასება, სახეობრივი მრავალფეროვნების გამოვლენა და ამ ტერიტორიაზე შემხვედრი შემდეგი ცხოველთა კლასების (ძუძუმწოვრები, ფრინველები, რეპტილიები, ამფიბიები) აღწერა. ენდემური ან კონსერვაციული სტატუსის (როგორც საერთაშორისო ისე ეროვნული) მქონე სახეობების აღრიცხვა და მათთვის მნიშვნელოვანი ტერიტორიების (გამოსაზამთრებელი, გასამრავლებელი და ა.შ.) გამოვლენა, კონკრეტულ ტერიტორიებზე სახეობრივი მრავალფეროვნების ან/და ინდივიდთა რაოდენობის სიმრავლის განსაზღვრა.
კვლევაში ყურადღება ექცევა ისეთი სახეობების გამოვლენას, რომლებიც ისტორიულად ბინადრობდნენ (ხოხობი, კაკაბი, გნოლი) ამ ადგილებში. ხდება იმ მიზეზების გამოვლენა, რამაც ამ სახეობების გადაშენება გამოიწვია, შესაძლებელია თუ არა ამ მიზეზების აღმოფხვრა და შესაძლებლობის შემთხვევაში რა გეგმა და რეკომენდაციები შეიძლება გაიცეს თუ როგორ უნდა მოხდეს მათი აღდგენა, გამრავლება და შემდგომში როგორ განხორციელდეს მონიტორინგი ამ სახეობებზე.
ვინაიდან აღნიშნული ტერიტორია ქალაქს ესაზღვრება და ურბანული განვითარების ზონებს შორის არის მოქცეული მაღალია ადამიანის მავნე ზემოქმედება, საჭიროა ყოველი ქმედება და ჩასატარებელი სამუშაო საფუძვლიან კვლევაზე იყოს დამყარებული. საკვლევ ტერიტორიაზე ველური ბუნების აღდგენისა და შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია ჩამოყალიბდეს ბუნებრივი კვებით ჯაჭვი, რაც შემდგომში დაარეგულირებს და უზრუნველყოფს ეკოსისტემის სიჯანსაღეს.
აუცილებელია შეჯერდეს მიდგომები, რომლის მეშვეობითაც საკვლევ ტერიტორიაზე ბილიკების და სხვა ინფრასტრუქტურის დაგეგმარებისას არ მოხდება ჰაპიტატების და სხვა მნიშვენლოვანი ადგილების დაზიანება.